საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის განცხადება

Печать PDF

საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის განცხადება

ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ბოლო ოცწლეული მკვეთრი ურთიერთდაპირისპირებებით, ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილებებით, სამოქალაქო და რეგიონალური შეიარაღებული კონფლიქტებით ხასიათდება.

დამოუკიდებლობის აღდგენა საკმარისი არ აღმოჩნდა საერთო ეროვნული თანხმობის მისაღწევად და თანამედროვე დემოკრატიული ტიპის სახელმწიფოდ ჩამოსაყალიბებლად; მან ვერ მოგვიტანა პიროვნული და ეროვნული თავისუფლება, ვერ შექმნა სამართლიანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გარემო.

თავისუფლება (როგორც პიროვნული, ასევე ეროვნული) სამართალით განმტკიცებული ქვაკუთხედია, რომელიც ახალი ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბების საძირკველი უნდა გახდეს.

მხოლოდ დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებულ სახელმწიფოს ძალუძს ერის გამთლიანება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეროვნული თვითმყოფობის შენარჩუნება, ეკონომიკის განვითარება და რეგიონალურ თუ გლობალურ საფრთხეებთან გამკლავება.

სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება მთლიანობაში და განსაკუთრებით ელიტა, არც მაშინ, როდესაც დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ და არც შემდგომში, მზად არ აღმოჩნდა ერისათვის სახელმწიფო მოწყობის ისეთი მოდელი შეეთავაზებინა, რომელიც უზრუნველყოფდა თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებას, მყარ გარანტიებს შეუქმნიდა ადმიანის უფლებების დაცვას და ხელს შეუწყობდა სოციალისტური ეკონომიკიდან ცივილიზებულ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას. ყოველივე ამან განაპირობა სახელმწიფოებრივი კრიზისი, რომელიც დღემდე გრძელდება.

ქვეყანაში დღესდღეობით არსებული საზოგადოებრივ_პოლიტიკური ვითარება სახელმწიფოებრივი კრიზისის და, შესაბამისად, სახელმწიფოს არაეფექტიანი ფუნქციონირების ნათელი დადასტურებაა. ფაქტია, რომ ქართულმა სახელმწიფომ ვერც გარე საფრთხეები აიცილა თავიდან (თავდაცვის კონცეფციაში რუსეთი, როგორც პოტენციური საფრთხე, არ ყოფილა გათვალისწინებული) და ვერც ქვეყნის შიგნით შეძლო სტაბილური საზოგადოებრივი გარემოს შექმნა. ერთადერთი, რაც ჯერჯერობით სახელმწიფოში მეტ-ნაკლებად სრული დატვირთვით ფუნქციონირებს და ისიც, უპირატესად, ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ესაა ძალოვან უწყებათა (რეპრესიული) სისტემა.

ამგვარი ვითარება, ცხადია, დიდხანს ვერ გასტანს. ამიტომ ჩვენი საზოგადოების წინაშე ორი უმთავრესი პრობლემა დგას:

1. ყველა ღონე ვიხმაროთ, რათა თავიდან ავიცილოთ მოვლენათა რევოლუციური განვითარება და არსებული კრიზისი მშვიდობიანად განვმუხტოთ;

2. შევქმნათ სახელმწიფო მოწყობის ისეთი მოდელი, რომელიც ქვეყანაში სახელმწიფოებრივ კრიზისს დაასრულებს და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს. …

ამ პრობლემების გადასაჭრელად, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის კრიზისის არსებობის ფაქტის აღიარება; საჭიროა მისი გენეზისის წარმოჩენა და, რაც მთავარია, იმ მიზეზების დადგენა, რაც ხელს გვიშლის მის დაძლევაში.

სახელმწიფო აღმშენებლობის სათანადოდ დასაბუთებული და დამაჯერებელი კონცეფციის არარსებობა, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებებისადმი უმრავლესობის ინდიფერენტული დამოკიდებულება და საბაზრო ეკონომიკაში არასათანადოდ გარკვეულობა, მეტი რომ არა ვთქვათ, დემოკრატიული ფასეულობების თვითნებური ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევდა და აძლევს მმართველ პოლიტიკურ ძალას, უფრო სწორად კი, ამ ძალის ლიდერს.

შესაბამისად, ხელისუფლების სათავეში მოსული უკლებლივ ყველა პოლიტიკური ძალა და ლიდერი სახელმწიფო მოღვაწეობას ძალაუფლების მონოპოლიზაციით იწყებს; თუმცა, ცდილობს, თავისი ქმედება შიდა თუ გარე საფრთხეებით, რეგიონალური კონფლიქტებით, სწრაფი რეფორმებით, კორუფციასთან ბრძოლით და სხვა მოტივებით არა მარტო გაამართლოს, არამედ დააკანონოს კიდეც. ლიბერალური ღირებულებებით ამგვარი თვითნებური მანიპულაცია, უპირველესად, ქვეყნის ძირითად კანონში - კონსტიტუციაში პოულოდა და პოულობს ასახვას.

ერთი პიროვნების, გნებავთ, ხელისუფლების ერთ განშტოებაში ძალაუფლების კონცენტრაცია, ბუნებრივად იწვევს ხელისუფლების სხვა განშტოებათა დასუსტებას. ირღვევა დემოკრატიის ძირითადი პრინციპი და წარმატებით აგრძელებს არსებობას ის ავადსახსენებელი “დემოკრატიული ცენტრალიზმიც”, რომლისგან თავის დაღწევას აგერ უკვე 20 წელია ამაოდ ვცდილობთ (მართვის ამგვარი მოდელი, როცა ქვეყნის პირველი პირი აკომპლექტებს აღმასრულებელი ხელისუფლების ვერტიკალს, შენარჩუნებული იქნა მთელ პოსტსაბჭოურ სივრცეში, ბალტიისპირეთის გარდა).

დააკლიკეთ ფოტოზე

ცხადია, მმართველ პოლიტიკურ ძალას ყოველთვის კარგად ესმოდა განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების რეალური არსი და იმისათვის, რომ შეენარჩუნებინა დემოკრატის იმიჯი და შეექმნა დემოკრატიულობის ილუზია, ირჩევდა ხელისუფლების შიდასტრუქტურული ფსევდორეფორმის გზას, მაგრამ უცვლელად ტოვებდა მართვის ცენტრალიზებულ ვერტიკალს. ამასთანავე, დამოუკიდებელი საქართველოს სამივე ხელისუფლება სასწრაფოდ ახორციელებდა სახელმწიფო ბიუროკრატიული აპარატის თითქმის სრულ ჩანაცვლებას, რათა დაეკმაყოფილებინა მხარდამჭერი აქტივისტების ამბიციები და პირადი ერთგულების ნიშნით დაკომპლექტებული სახელისუფლებო ვერტიკალი ძალაუფლების შესანარჩუნებლად და არჩევნების გასაყალბებლად გამოეყენებინა, რაც ნოყიერ ნიადაგს ქმნიდა მმართველი კლანის ჩამოსაყალიბებლად. ამ კლანის ელიტას საშუალება ეძლეოდა პირადი ანგარების მიზნით გამოეყენებინა მიმდინარე ქაოსური რეფორმები, რასაც შედეგად მოჰყვა სახელმწიფო ქონების განიავება, ეკონომიკის გაჩანაგება და კორუფციის (მასობრივისა თუ ელიტარულის) დამკვიდრება.

იდენტურია მასმედიისა და ოპოზოციის მიმართ დამოკიდებულებაც მეტნაკლებად სამივე პოლიტიკური ძალა ცდილობს კონტროლი დააწესოს მასმედიაზე, ოპოზიცია კი გაანადგუროს, ან, უკეთეს შემთხვევაში, მოღალატედ და უვიცად წარმოაჩინოს.

ნიშანდობლივია კიდევ ერთი პარალელი - სამივე მმართველობამ დამოუკიდებელი საქართველოს სათავეში მოსვლის პირველსავე წელს სცადა კონფლიქტების ძალის გამოყენებით მოგვარება, რაც სამივეჯერ მარცხით დამთავრდა.

სრულიად უპრეცედენტოა დამოკიდებულება საარჩევნო კოდექსის მიმართ 1990 წლიდან მოყოლებული დღემდე საარჩევნო კოდექსში უშუალოდ არჩევნების წინ აუცილებლად შედის ცვლილებები და ამ ცვლილებებით, როგორც წესი, კოდექსი წინანდელზე კიდევ უფრო უარესი ხდება.

და კიდევ ერთი საქართველოს პარლამენტი, რომელიც ყოველთვის პრეზიდენტის მორჩილი იყო! მართალია, ამ მორჩილებას სხვადასხვა მოტივაცია აქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ქვეყნისა და საზოგადოებისათვის პარლამენტი თავის ფუნქციას, როგორც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო და ხელისუფლების ერთ-ერთი დამოუკიდებელი განშტოება, ვერ ასრულებს.

ასეთ ვითარებაში ვერც სასამართლო ხელისუფლებამ შეძლო მოეპოვებინა და შეენარჩუნებინა მისთვის განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის აუცილებელი დამოუკიდებლობა როგორც ჩანს, განვლილი პერიოდის ზოგადი მახასიათებელია ძალაუფლების ერთ ხელში კონცენტრაციის ქრონიკული მცდელობა.

თუ გვინდა ოცწლიან სახელმწიფოებრივ კრიზსს თავი დავაღწიოთ, აუცილებელია:

1. შევქმნათ ისეთი კონსტიტუცია და, შესაბამისად, საკანონმდებლო ბაზა, როგორიც უზრუნველყოფს ხელისუფლების განშტოებათა შორის ძალაუფლების ბალანსს.

2. შევქმნათ ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც მინიმუმამდე შეამცირებს ადმინისტრაციული რესურსის არამართლზომიერი გამოყენების, ამომრჩეველთა მოსყიდვის, დაშინების, არჩევნების შედეგების გაყალბების შესაძლებლობას და გაზრდის საზოგადოების ნდობას არჩევნების შედეგებისადმი.

კონსტიტუცია მარტო პოლიტიკურ ძალთა შეთანხმების თუ კომპრომისის საგანი კი არ უნდა იყოს, არამედ ის უნდა იყოს საზოგადოებრივი თანხმობის შედეგი. სწორედ ამ მიზნით იქმნება ისეთი საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური კონიუქტურისაგან. ჩვენ უნდა გავითვალიწინოთ ჩვენში დაგროვილი და დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებში არსებული გამოცდილება და ფართო საზოგადოებასთან ინტენსიური განხილვებისა და დიკუსიების საფუძველზე შევიმუშაოთ კონსტიტუციური მოწყობის ისეთი მოდელი, რომელიც მაქსიმალურად შეესაბამება ჩვენს კულტურასა და ეროვნულ ტრადიციებს და რომლის საფუძველზე შექმნილი საკანონმდებლო ბაზა საშუალებას მოგვცემს სწრაფად და ეფექტიანად გადავჭრათ ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემები.

მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება კონსტიტუცია თითოეული მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გარანტი, რაც ხელს შეუწყობს ერის გამთლიანებას და შექმნის ისეთ საზოგადოებრივ_პოლიტიკურ გარემოს, სადაც პიროვნული თავისუფლება იქნება ეროვნული და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საფუძველი.

საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრები და ექსპერტები:

  • ოთარ ბენიძე,
  • ოთარ გამყრელიძე,
  • ეკატერინე გასიტაშვილი,
  • ნინო გვენეტაძე,
  • ვახტანგ თორდია, (ექსპერტი)
  • გიორგი ინაური,
  • ვალერიან ლორია,
  • ლია მუხაშავრია,
  • მერაბ ტურავა,
  • მინდია უგრეხელიძე,
  • ზვიად ქორიძე,
  • ზაქარია ქუცნაშვილი,
  • ნინო ციხისთავი,
  • ვახტანგ ძაბირაძე,
  • ვახტანგ ხმალაძე,
  • გიორგი ხუციშვილი,
  • ზურაბ ჯიბღაშვილი, (ექსპერტი)
  • ზაურ ჯინჯოლავა.

პრეს-რელიზი