საქართველოს არასამთავრებო ორგანიზაციათა I კონგრესი

Печать PDF

საქართველოს არასამთავრებო ორგანიზაციათა პირველი ეროვნული კონგრესი

ორგანიზებული კოალიციის "ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები დემოკრატიისათვის" მიერ კოორდინატორი ICCN

2006 წლის 25 ივნისს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების პირველი ეროვნული კონგრესი. კონგრესზე თავი მოიყარა საქართველოს არასამთავრობო, სამოქალაქო საზოგადოების და მედიაორგანიზაციების 400-ზე მეტმა წარმომადგენელმა (მათ შორის, კონფლიქტური ზონებიდანაც). კონგრესის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას. ღონისძიება მოეწყო ქართული არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის _ "სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიული საქართველოსთვის" (მოგვიანებით მას ეწოდა "კოალიცია დემოკრატიისათვის) _ მიერ, კოორდინატორი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია "კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი". ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყო ჰოლანდიურმა ფონდმა ქორდაიდ-მა. ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას მოჰყვა ამავე კოალიციის მიერ შემდგომში ორგანიზებული სხვა კონგრესები.

კოალიცია პროტესტს უცხადებს სამართალდამცავი ორგანოების მიერ 2006 წლის 27 მარტს ჩატარებულ ოპერაციას, რომელსაც მოჰყვა ადამიანური მსხვერპლი და რამაც აღაშფოთა ქართული საზოგადოების თითქმის ყველა ფენა. ჩვენ გამოვხატავთ წუხილსა და მორალურ მხარდაჭერას ოპერაციის დროს დაზარალებულთა და გარდაცვლილთა ოჯახების მიმართ. #5 საპატიმროსთან განვითარებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადყო საქართველოს სახელმწიფოში მართვის კრიზისული მდგომარეობის მთელი სერიოზულობა და მთავრობასა და მოსახლეობას შორის არსებული უფსკრულის კიდევ უფრო გაღრმავება.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა რამდენჯერმე საჯაროდ განაცხადეს, რომ ის, ვინც გამოხატავს უკმაყოფილებას მთავრობის ქმედებებთან დაკავშირებით, კავშირშია კრიმინალებთან, უცხოური სპეცსამსახურებისგან იღებს ფულს ან უკმაყოფილოა 2003 წლის ნოემბერში კორუფციული მთავრობის შეცვლით. კრიმინალების მხარდაჭერა შესაფერისი კლიშეა ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის, თუ მხედველობაში მივიღებთ მოახლოებულ საარჩევნო პერიოდს. უფრო შემაშფოთებელია ის, რომ არა მარტო ყველა ოპოზიციური პარტია და მოძრაობა, არამედ მათი "აპოლიტიკური" მხარდამჭერებიც აღმოჩნდნენ ეჭვმიტანილები კრიმინალური სტრუქტურების ხელშეწყობასა და მიზანმიმართულ მცდელობაში, შეერყიათ ყველაზე წარმატებული პოსტრევოლუციური სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის, პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ამ თავდასხმებში ჩვენ ნათლად ვხედავთ ხალხის დაშინების მცდელობასა და შეთქმულების თეორიის მონახაზს, რომელიც გვაგონებს საბჭოთა რეჟიმისდროინდელ მეთოდებს. ნებისმიერმა ლოიალურმა მოქალაქემ უნდა გამოხატოს თავისი თანხმობა და აქტიური მხარდაჭერა ხელისუფლების ნებისმიერი ქმედების მიმართ. სავარაუდოდ, ეს უნდა გულისხმობდეს იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს "სიკვდილის ბრიგადის" მიერ 28 წლის სანდრო გირგვლიანის მხეცურ მკვლელობაზე კანონმორჩილი მოქალაქის ადეკვატური რეაქცია უნდა იყოს გულგრილობა და ბრმა თანხმობა ნებისმიერ ოფიციალურად შემოთავაზებულ ვერსიაზე.

პრეზიდენტმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა გამოაცხადეს "ნულოვანი ტოლერანტობა" უმნიშვნელო კრიმინალში ეჭვმიტანილების მიმართ, გააუქმეს პირობითი პატიმრობის ვადა და გადაავადეს სასჯელის აღსრულება. სამართალდამცავების მექანიკურ მხარდაჭერაზე მოთხოვნა და ყველა იმისი გამორჩეულად აღნიშვნა, ვინც ეჭვქვეშ აყენებს მათ ამ ქმედებებს, ყოველივე ეს აღრმავებს არსებულ უფსკრულს და ზრდის დაძაბულობას საზოგადოებაში. იგივე მოლოდინი გახმოვანდა ახლაც, 27 მარტის ოპერაციასთან დაკავშირებით: ვარაუდი, რომ მოსახლეობამ უნდა დაიჯეროს ყალბი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ #5 საპყრობილედან დაგეგმილი გაქცევა მიზნად ისახავდა შენობის დანგრევასა და 4000 ორგანიზებული და შეიარაღებული პატიმრის მეშვეობით დედაქალაქის ტერორიზებას. თუმცა, ცნობილია, რომ შენობაში პატიმრებთან ერთად, ბევრი იყო პირობითი სასჯელით და მათი დანაშაული ჯერ არ იყო დამტკიცებული. თავის სატელევიზიო მიმართვაში პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებულ შეიარაღებულ ოპერაციას. არაფერი თქმულა მსხვერპლისა და დაშავებულთა შესახებ გამოძიების თაობაზე, ისევე, როგორც უკიდურესად მემარჯვენე ოპოზიციის მოთხოვნაზე, შექმნილიყო საგამოძიებო კომისია, რაზეც მმართველმა უმრავლესობამ უარი განაცხადა.

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მოითხოვენ მთავრობისგან 2006 წლის 17 მარტის სამართალდამცავთა მიერ განხორციელებული სასტიკი ოპერაციის გამოძიებას და მსხვერპლზე პასუხისმგებელი პირების დასჯას.

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები გამოხატავენ თავიანთ მტკიცე ნებას, შექმნან დემოკრატიასა და სამართალზე დაფუძნებული სახელმწიფო, უზრუნველყონ მოქალაქეთა უფლებები, თვით იმ უფლებების ჩათვლითაც, რომლებიც გაუქმებული იქნა საპატიმროებში.

მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას თხოვნით, არ ენდოს ხელისუფლების ოფიციალურ პროპაგანდას და ხმა აიმაღლოს სახელმწიფო სისტემაში მზარდი ავტორიტარიზმისა და სამართალდამცავების დაუსჯელობის წინააღმდეგ საქართველოში.

ხელმომწერები:

  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • ქართველ მოსამართლეთა ასოციაცია
  • კავკასიის ქალთა ქსელი
  • კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი
  • წამების საწინააღმდეგო კომიტეტი
  • კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ქსელი
  • ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის
  • ქართული მედიაკლუბი
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • ჯანმრთელი სამყარო
  • ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი
  • კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი
  • ჟურნალისტთა საერთაშორისო გაერთიანება "ობიექტივი"
  • სახალხო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველო"

სულ 73 ხელმომწერი

დააკლიკეთ ფოტოზე

Congress Declaration

დააკლიკეთ ფოტოზე

კონგრესის პუბლიკაცია