კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოში დემოკრატიული კრიზისის გაუარესების შესახებ

28 ნოემბერი, 2024

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „საქართველოს გაუარესებული დემოკრატიული კრიზისის შესახებ უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნებისა და სავარაუდო გაყალბების შემდეგ“, რომელიც საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას აღწერს, „ქართულ ოცნებას“ ავტორიტარული კურსის გამო აკრიტიკებს და რიგი ნაბიჯების გადადგმის ინიციატივით გამოდის, როგორიცაა მიზანმიმართული სანქციების დაწესება იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც ამას ხელს უწყობს. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ერთი წლის ვადაში ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს.

ევროპარლამენტი „სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოში პოლიტიკური გარემო მმართველი პარტიის ავტორიტარულ კურსსა და ქართველი ხალხის პროევროპული მისწრაფებების ღალატზე მიუთითებს“.

იგი აღნიშნავს, რომ არჩევნების წინა პერიოდი ხასიათდებოდა „მნიშვნელოვანი თავდასხმებით დემოკრატიაზე საქართველოში“ და რომ „კამპანიის დროს ქართულმა ოცნებამ ისარგებლა ქართული საზოგადოების ბუნებრივი შიშით ომის მიმართ და გაიმეორა გზავნილი, რომ ის იყო „მშვიდობის პარტია“, ამასთან ამტკიცებდა, რომ ოპოზიცია დასავლეთის ბრძანებით, ქვეყანას, სავარაუდოდ, რუსეთთან ომში ჩაითრევდა.

რეზოლუციაში ხაზგასმულია „ქართული ოცნების“ ქმედებები, რამაც არათანაბარი პირობები „კიდევ უფრო არათანაბარი“ გახადა, ხოლო არჩევნების დროს გამოყენებულმა ტექნოლოგიებმა წუხილები გააჩინა გამჭვირვალობის, ხმის მიცემის ფარულობისა და დამოუკიდებელი გადამოწმების არარსებობის თაობაზე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ არჩევნების შედეგები „არ ასახავს ქართველი ხალხის ჭეშმარიტ ნებას“.

„არჩევნები გაყალბდა ამომრჩეველთა დაშინების, დაკვირვებლების ხელის შეშლისა და კენჭისყრის პროცედურების მანიპულირების კომბინაციით და არ შეიძლება ჩაითვალოს როგორც თავისუფალი და სამართლიანი“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

„სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საქართველომ, ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩაატარა საპარლამენტო არჩევნები, სადაც არ იყო დაცული დემოკრატიული არჩევნების ჩატარების საერთაშორისო სტანდარტები ან მისი, როგორც ეუთოს წევრი სახელმწიფოს ვალდებულებები…“, – ნათქვამია რეზოლუციაში. არჩევნების „მასშტაბური გაყალბების“ ფაქტებზე საუბრისას, ევროპარლამენტარებმა განაცხადეს, რომ ამგვარი ფაქტები ძირს უთხრის შედეგების ლეგიტიმურობას და არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. „საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა აღიაროს არჩევნების შედეგები“, – ნათქვამია რეზოლუციაში. ევროპარლამენტი ერთი წლის ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ და საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ ხელახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

რეზოლუცია ასევე მხარს უჭერს მოწოდებას, რომ საარჩევნო მანიპულაციებზე დამოუკიდებელი, გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიება ჩატარდეს და ამ კონტექსტში მიესალმება ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გადაწყვეტილებას საქართველოში ტექნიკური მისიის გამოგზავნის შესახებ.

ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ პროკურატურამ ვერიფიკაციის აპარატები და საარჩევნო დოკუმენტაცია ამოიღო, „საქართველოს სასამართლო ინსტიტუტებმა არ დააკმაყოფილეს არჩევნების გაყალბებისა და მანიპულაციების შესახებ საჩივრები, ხოლო ცესკო-მ ვერ გამოიძია არჩევნებზე დაფიქსირებული ვერც ერთი ინციდენტი. რეზოლუციაში ასევე გამოთქმული შეშფოთება ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის მნიშვნელოვანი შემცირების თაობაზე.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მკაცრად დაგმო არჩევნების გაყალბება და მიიღო გადაწყვეტილება არ აღიაროს მისი შედეგები. ევროპარლამენტი მიესალმება სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევას „ქვეყანა დემოკრატიულ და განვითარების ევროპულ გზაზე დააბრუნოს“ და ამავდროულად, მოუწოდებს პრეზიდენტს გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება და შეიწყალოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

ევროპარლამენტის რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს „პერსონალური სანქციები დაუწესონ საქართველოში იმ თანამდებობის პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიის უკუსვლაზე, საარჩევნო კანონმდებლობისა და სტანდარტების დარღვევაზე, ადმინისტრაციულ დარღვევებსა და სახელმწიფო ინსტიტუტების ბოროტად გამოყენებაზე“. ამ პირებს შორის დასახელებულია პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი. რეზოლუციის თანახმად, ეს სანქციები იმ მოსამართლეებსაც უნდა შეეხოთ, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებენ.

რეზოლუციაში ასევე ხაზგასმულია, რომ ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმებისთვის და „მოუწოდებს კომისიასა და საბჭოს გადახედონ საქართველოს უვიზო სტატუსს და მისი შეჩერების შესაძლებლობას“. 28 ნოემბერს დამტკიცებულ რეზოლუციაში შეტანილი ცვლილება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ „ვიზალიბერალიზაციის შეთანხმების შეჩერება მხოლოდ მას შემდეგ უნდა იქნას განხილული, რაც პერსონალური სანქციები დაუწესდებათ მმართველი პარტიის წევრებსა და ბიძინა ივანიშვილს“.

ევროპარლამენტი შეშფოთებულია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პოლიტიკური ლიდერების მიერ გაღვივებული დაშინების კლიმატით და პოლიტიკურ პლურალიზმზე თავდასხმებით, მათ შორის ოპოზიციური პარტიების აკრძალვის, მათი ლიდერების და თუნდაც რიგითი მხარდამჭერების დაპატიმრებისა და განსხვავებული აზრის ჩახშობის მუქარით. ის ასევე აფრთხილებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, რომ „კანონიერად ჩამოყალიბებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ნებისმიერი მცდელობა დააშორებს საქართველოს ევროკავშირს და შეუძლებელს გახდის ნებისმიერ წინსვლას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“.

ევროპარლამენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული პოლიტიკა „შეუსაბამოა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან“ და „კიდევ ერთხელ გამოხატა ურყევი მხარდაჭერა ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებებისა და სურვილის მიმართ, იცხოვრონ აყვავებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში…“