კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები საქართველოსგან პოლიტიკის სისტემურ გადახედვას მოითხოვს

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

2023 წლის 27 დეკემბერს, სახალხო პროტესტის მიუხედავად, აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტმა დაჩქარებულად, სამი მოსმენით, ბიჭვინთის აგარაკის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემასთან დაკავშირებული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. დღესვე დე-ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა ე.წ. კანონს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ქმედებით რუსეთის ფედერაცია, აფხაზეთის მოქმედი დე-ფაქტო ხელისუფლების ხელით, აგრძელებს წლების წინ დაწყებულ ანექსიურ პროცესებს, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთის ტერიტორიაზე პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო კონტროლის კონსოლიდირებას, ადგილობრივი რესურსების და სტრატეგიული ობიექტების მითვისებას და ადგილზე დემოკრატიული პროცესების დასუსტებას. მაღალია რისკები, რომ ბიჭვინთის აგარაკის შემდეგ, რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთში ბუნებრივი რესურსებისა და უძრავი ქონების ათვისების პრაქტიკას და მომავალში ეს პოლიტიკა ათასობით აპარტამენტის მშენებლობასა და რუსეთის მოქალაქეებისათვის უძრავი ქონების საკუთრების უფლების მინიჭების საკითხსაც შეეხება.

ბიჭვინთის აგარაკის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემასთან დაკავშირებული შეთანხმება ითვალისწინებს ბიჭვინთა-მიუსერის აღკვეთილში სახელმწიფო აგარაკების კომპლექსის რუსეთის ფედერაციისთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას, ასევე მიწის ნაკვეთის და მიმდებარე ტერიტორიის (ჯამში 186 ჰექტარი), ასევე შავი ზღვის ნაწილის იჯარით გადაცემას რუსეთის ფედერაციისთვის 49 წლით. შეთანხმების მიხედვით იჯარა ავტომატურად გაგრძელდება 15 წლის ვადით, თუ არც ერთი მხარე არ განაცხადებს საპირისპიროს, შეთანხმების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე. მიწის ნაკვეთზე რუსეთის ფედერაციას შეუძლია განახორციელოს ნებისმიერი სამშენებლო საქმიანობა აფხაზურ მხარესთან შეთანხმებით. აღნიშნული შენობა-ნაგებობები იქნება რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში. ასევე იჯარის ხელშეკრულების ვადის ამოწურვა არ ნიშნავს რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემულ შენობა-ნაგებობებზე საკუთრების შეჩერებას.

სახელმწიფო აგარაკების გადაცემაზე შეთანხმება ჯერ კიდევ 2022 წლის იანვარში გაფორმდა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას და რუსეთის ფედერაციას შორის, სახალხო კონსულტაციების და დემოკრატიული პროცესების გარეშე. ხოლო შეთანხმების რატიფიცირებისთვის საჭირო პროცედურები დე-ფაქტო პარლამენტმა 2022 წლის 11 ივლისს დაიწყო, რითაც პრაქტიკულად მხოლოდ 7 თვის შემდეგ გახდა აფხაზური საზოგადოებისთვის ცნობილი იანვარში გაფორმებული გასაიდუმლოებული შეთანხმების შესახებ.

აფხაზეთში მყისიერად დაიწყო აღნიშნული შეთანხმების საწინააღმდეგო მოძრაობა. აფხაზური საზოგადოებისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო მსგავსი შეთანხმების გაფორმება და დე-ფაქტო ხელისუფლების ფარული, არადემოკრატიული ქმედებები. 2022 წელს გამართულ საპროტესტო აქციებს დე-ფაქტო პრეზიდენტმა უპასუხა იმით, რომ აფხაზეთს სხვა ალტერნატივა არ აქვს, მაშინ როცა “მეზობელთან” ომშია. ის საჯარო გამოსვლებში ყურადღებას ამახვილებდა რუსეთზე აფხაზეთის დამოკიდებულების მასშტაბზე და ამგვარ კომპრომისებზე წასვლის აუცილებლობაზე.

2023 წლის ბოლოს შეთანხმების დაჩქარებული რატიფიცირების ინტერესს აფხაზური საზოგადოების მწვავე კრიტიკა და პროტესტი მოჰყვა. 26 დეკემბერს მთელი დღის მანძილზე დე-ფაქტო პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია. თუმცა, შეთანხმების რატიფიცირება 27 დეკემბერს დილის 6 საათზე მოხდა დე-ფაქტო პარლამენტის მიერ, რისი მიზანიც მოსახლეობის წინააღმდეგობის დასუსტება იყო. მოსახლეობა ამ დრომდე შეკრების ადგილზე რჩება, გროვდება მოქალაქეების ხელმოწერები საერთო საზოგადოებრივ მიმართვაზე. მედიაში მოქალაქეები საუბრობენ იმაზე, რომ ეს გადაწყვეტილება იყო შოკისმომგვრელი მათთვის და ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას რუსეთთან სახალხო ინტერესების საწინააღმდეგო გარიგებაში ადანაშაულებენ.

უკვე წლებია ამ პროცესში აფხაზური საზოგადოება აჩვენებს მედეგობას და წინააღმდეგობის რესურსს დაიცვას რესურსების კონტროლზე ავტონომია და არ დაუშვას ბუნებრივი რესურსების, უძრავი ქონების და სტრატეგიული ობიექტების შემდგომი აპროპრიაცია რუსეთის მხრიდან. აღნიშნულ პროცესებს აფხაზური საზოგადოების აზრით, ექნება არა მხოლოდ მძიმე პოლიტიკური, არამედ ნეგატიური დემოგრაფიული, სოციალური და გარემოსდაცვითი გავლენები მათ ყოფაზე და მომავალზე.

დღეს, როდესაც აფხაზური საზოგადოების და ქართული საზოგადოების წუხილები ერთმანეთს ემთხვევა და აფხაზურ საზოგადოებაში იზრდება უკმაყოფილება რუსეთის ანექსიური მცდელობების მიმართ, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს ცხადი საპასუხო პოლიტიკა, რომელიც ერთის მხრივ, გააძლიერებდა საერთაშორისო საზოგადოების ინტერესს და ყურადღებას აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე პროცესების მიმართ, მეორეს მხრივ, კი აფხაზურ საზოგადოებას შესთავაზებდა ახალ სამშვიდობო ალტერნატივებს, რომელიც უსაფრთხოებასთან, მომავალთან და დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით მათ წუხილებს უპასუხებდა. ხელისუფლებას სწორედ ამგვარ გარდამავალ რეალობაში უნდა მიეღო ახალი, გაბედული სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც მშვიდობის, ადამიანური უსაფრთხოების დაცვისა და განვითარების საერთო ინტერესებს და აფხაზეთში მცხოვრები ადამიანების შფოთს, შიშებს და უკმაყოფილებას უპასუხებდა. მით უფრო, როცა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა და ევროინტეგრაციის პროცესს ძირეული გავლენის მოხდენა შეუძლია კონფლიქტების ტრანსფორმაციის პროცესზე.

სამწუხაროდ, ეროვნული მნიშვნელობის მქონე ამ საკითხებზე სახელმწიფოს არ აქვს შექმნილი დემოკრატიული პროცესი, რომელიც საერთაშორისო აქტორებთან, პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კონსულტაციით არსებული პოლიტიკის გადააზრების, ახალი ხედვების და შესაძლებლობების გენერირებისა და შიდა საზოგადოებრივი და პოლიტიკური შეთანხმებების მიღწევის წინაპირობებს გააჩენდა.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:

პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე წარმოადგინოს პოლიტიკის ხედვა, თუ როგორ აპირებს ის საერთაშორისო პოლიტიკური, დიპლომატიური და სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას რუსეთის მიერ აფხაზეთში ბუნებრივი რესურსების, სტრატეგიული ობიექტებისა და უძრავი ქონების აპროპრიაციის განგრძობადი პოლიტიკის საპასუხოდ;

საერთაშორისო პარტნიორებთან, სამოქალაქო ორგანიზაციებთან, დევნილებთან და პოლიტიკურ პარტიებთან აქტიური კონსულტაციით, შეიმუშაოს კონფლიქტების ტრანსფორმაციაზე მიმართული ახალი სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც უპასუხებს აფხაზურ საზოგადოებაში გაჩენილ შიშებს და უკმაყოფილებებს და რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ევროპული ინტეგრაციის პროცესში მათ ახალ შესაძლებლობებს და პერსპექტივებს შესთავაზებს;

დეოკუპაციის, ასევე რუსეთთან ურთიერთობების თემაზე შექმნას ინკლუზიური სამუშაო და პოლიტიკური პროცესი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების, მათ შორის, დევნილების მონაწილეობით, პოლიტიკის ახალი ხედვებისა და მიდგომების განვითარებას, ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის ანგარიშვალდებულების გაზრდას და შეთანხმებების მიღწევას შეუწყობდა ხელს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი

კავკასიური სახლი

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN)

ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი

აიპი "სტუდია რე"

ააიპ " დავიწყოთ ახლა"

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

ქალთა ფონდი "სოხუმი"

სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბითაობათა დიალოგი

ადამიანის უფლებათა ცენტრი

საზოგადოება პოზიტიური ცვლილებებისთვის

"მომავლის ცხინვალი"

კი ევროპას! Yes to Europe!

არა რუსულ კანონს! No to russian law!