უკვე მესამე დღეა, რაც ჩვენს ქვეყანაზე რუსეთის მხრიდან ღია და დაუფარავი აგრესია ხორციელდება, იბომბება როგორც საქართველოს პორტები და სხვა სტრატეგიული ობიექტები, ასევე მჭიდროდ დასახლებული პუნქტები. უკიდურესად დაძაბულია მდგომარეობა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. არის მრავალრიცხოვანი მსხვერპლი და მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი. რუსეთის ფედერაცია გამოუცხადებელ ომს აწარმოებს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ, საერთაშორისო თანამეგობრობის ადექვატური რეაქცია კი იგვიანებს.
მდგომარეობის გამწვავების მთავარი მიზეზია რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ წლების განმავლობაში განვითარებული პოლიტიკა, რომელიც მდგომარეობს სეპარატიზმის ღია მხარდაჭერაში, ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციის, დაშინების და დაქვემდებარების მრავალრიცხოვან მცდელობებში. რუსეთი კონფლიქტის ზონებში მშვიდობისმყოფელისა და შუამავლის საერთაშორისო თანამეგობრობისგან ბოძებულ სტატუსს მეზობელ ხალხებს შორის შუღლის გასაღვივებლად იყენებდა და იყენებს. თავისი ბოლო დღეების ქმედებებით რუსეთის რეაქციულმა ძალებმა საკუთარი თვითლუსტრაცია საბოლოოდ მოახდინეს მსოფლიოს წინაშე. იმის შემდეგ, რაც დღეს საქართველოში ხდება, შეუძლებელია რუსეთს კონფლიქტების მიმართ შუამავლისა და მის მიერ დაკომპლექტებული სამშვიდობო ძალების მანდატი გაუგრძელდეს.
ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, მოუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მთავრობებს, მსოფლიოს ყველა კეთილი ნების ადამიანს (მათ შორის, რუსეთში), აიმაღლონ ხმა და გააჩერონ აგრესიის ესკალაცია. დაპირისპირება უნდა დაუყოვნებლივ შეწყდეს და გაიმართოს მოლაპარაკებები საერთაშორისო ეგიდით.
გიორგი ხუციშვილი