საქართველოს სახალხო დამცველიდევნილი მოსახლეობა 54 ქვეყანაშია წარმოდგენილი და მათი რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით 27 მილიონს აჭარბებს.1 მათ შორის არის საქართველო.
2010 წლის იანვრიდან სახალხო დამცველის აპარატში დაიწყო პროექტი "სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა მიმართებით არსებული პრობლემების გადასაჭრელად."პროექტის მიზანია სახალხო დამცველის აპარატის შესაძლებლობების გაძლიერება, რათა უკეთ მოხდეს იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ პირთა მიმართებით არსებული პრობლემების შესწავლა, დევნილთა კონსულტაცია და შესაბამისი დახმარების გაწევა. გამომდინარე შეზღუდული რესურსებიდან, სახალხო დამცველის აპარატი მოკლებული იყო სიტუაციისა და უფლებრივი მდგომარეობის სრული ანალიზის შესაძლებლობას, რისი განხორციელების საშუალებაც მას მისცა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის მიერ დაფინანსებულმა აღნიშნულმა პროექტმა.
პროექტის ფარგლებში არსებული საქმიანობის განსახორციელებლად შეირჩა პროექტის კოორდინატორი და ხუთი მონიტორი/კონსულტანტი. პროექტის მონიტორები განთავსდნენ სახალხო დამცველის რეგიონულ ოფისებში: გორში, ზუგდიდში, ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში (2010 წლის იანვარი - ივნისი) მონიტორები რეგიონების მიხედვით ახორციელებდნენ სისტემატურ ვიზიტებს დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტებში იქ არსებული სისტემური პრობლემების გამოვლენის მიზნით. ადგილზე გასცემდნენ იურიდიულ კონსულტაციას. აგრეთვე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო) რეგიონულ სამმართველოებთან თანამშრომლობით, ცდილობდნენ ამა თუ იმ ობიექტზე გამოვლენილი კონკრეტული პრობლემის გადაჭრას. პროექტის მონიტორები ამავდროულად დახმარებას უწევდნენ სახალხო დამცველის აპარატს იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებულ ყოველდღიურ საქმიანობაში.
პროექტის ერთ–ერთი ამოცანა ანგარიშის შედგენა იყო, რომელშიც წარმოდგენილი იქნებოდა მონიტორინგისას აღმოჩენილი სისტემური პრობლემები და შეფასდებოდა დევნილთა მიმართ არსებული სახელმწიფოს სამართლებრივი დაცვის მექანიზმები. შესაბამისად, მოცემული ანგარიში წარმოადგენს დევნილთა სფეროში არსებული კანონმდებლობის მოკლე ანალიზს, სადაც საუბარია როგორც დევნილთა საერთაშორისო დაცვის მექანიზმებზე, ასევე ეროვნულ კანონმდებლობაზე.