(გამოქვეყნდა გაზეთ ”რეზონანსის” 2008 წლის 30 სექტემბრის ნომერში)
ევროკავშირსა და რუსეთის ფედერაციას შორის მიღწეული ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოში მიმდინარეობს კონფლიქტის ზონების გარშემო გამოყოფილ ადგილებში ევროკავშირის მისიით აღჭურვილ შეუიარაღებელ დამკვირვებელთა განლაგება, რის შედეგადაც რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა უნდა საბოლოოდ დატოვონ, კონფლიქტის ზონების გარდა, ყველა ბლოკ-პოსტი და, საერთოდ, მთელი ის ტერიტორია, რომელიც მათ აგვისტოს მოვლენების შედეგად ჰქონდათ დაკავებული. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სრული მასშტაბით ამუშავებამ ხელი უნდა შეუწყოს კონფლიქტის ზონების გარე პერიმეტრზე და გარშემო ტერიტორიებზე ცეცხლის არგანახლებას, ჯარების და სამხედრო ტექნიკის არგადანაცვლებას და მოსახლეობის უსაფრთხო ცხოვრების განმტკიცებას, ასევე რეგიონში სტაბილურობის ხელშემწყობ ფაქტორად არის მოაზრებული. ცხადია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ამ მისიის წარმატებული განხორციელება.